
პედაგოგობა უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე დავიწყე. გურიისა და სამეგრელოს სკოლებში, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, სოფლად და ქალაქად. ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია ის, რომ ზუსტად ვიცი იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო და იმ საქმეს ვაკეთებ, რასაც უნდა ვაკეთებდე. ტკივილამდე მიყვარს ჩემი საქმე და საგანი, რომელსაც ვასწავლი. მოსწავლეები გრძნობენ ჩემს დამოკიდებულებას და გადაედებათ ხოლმე სიყვარულიც და პასუხისმგებლობაც. აგრეთვე, მიმაჩნია, რომ გამომდის სასწავლო პროცესში იმ მოსწავლეების ჩართვაც, რომლებიც საკუთარ ინტერესს ვერ უკავშირებენ სასწავლო პროცესს. ვახერხებ ყველა მოსწავლის მოტივაციას. არასოდეს მქონია უმნიშვნელო გართულებაც კი მათთან ურთიერთობაში და ეს კეთილგანწყობილი, მეგობრული, ნდობასა და პატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობა მეხმარება სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებაში.
სწავლებისას მრავალფეროვანი, ინტერაქტიური, ორიგინალური მეთოდები სასიამოვნოსა და სახალისოს ხდის სასწავლო პროცესს, ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას და აისახება შედეგებზეც. განსაკუთრებით მომწონს პროექტებზე დაფუძნებული სწავლება, რომელიც, გარდა ზემოთ აღნიშნულისა,ავითარებს 21-ე საუკუნის უნარებს, ხელს უწყობს მოსწავლეებში ზოგადსაკაცობრიო მოქალაქეობრივი ღირებულებებისა და პრინციპების სწავლებას, რომლებიც ამზადებს მათ სწრაფად ცვალებადი, მრავალფეროვანი სამყაროსთვის, ასწავლის განსხვავებული რელიგიის, ეთნიკური კუთნილებისა და კულტურის ადამიანებთან ურთიერთობას. ღირებულებითი განათლების სასწავლო პროცესში ინტეგრირებისთვის დავგეგმე და განვახორციელე რამდენიმე პროექტი.